ვრცელდება ინტერპრეტირებული დეზინფორმაცია, აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშცვილები – ირმა ინაშვილი (04.09.2020)

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ოკუპირებული სოხუმის  ხელისუფლებას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. აფხაზური მედია ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ  “პატრიოტთა ალიანსი” აფხაზეთის ე.წ მთავრობასთან  მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს და სამომავლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პირობასაც დებს. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, ოკუპირებულ სოხუმში  გამართულ შეხვედრებზე მათი მხრიდან მსგავსი  შეთავაზება არ გაკეთებულა, ამ თემის წინ წამოწევით კი საზოგადოების გარკვეული ნაწილი შერიგების პროცესში ხელის შეშლას ცდილობს.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა დღეს ჟურნალისტების იმ კითხვასაც უპასუხა, რომელიც  აჭარის რეგიონში  გამოკრულ პარტიის წინასაარჩევნო  ბანერებს ეხებოდა. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მომხდარზე პარტიაში შიდა გამოძიება მიმდინარეობს რადგან მისი თქმით, ეს შესაძლოა სწორედ შიდა მტრების პროვოკაცია იყოს. ინაშვილის თქმით, პარტიამ დაიწყო ახალი ბანარების ბეჭდვა, თუმცა ამჯერად აჭარის რეგიონზე “დაიცავი აჭარა” ეწერება.

აჭარის ქუჩებში გამოკრული სკანდალური  ბანერები, რომლებზეც  აჭარა ოკუპირებულ ტერიოტორიად იყო  მოხსენიებული, “პატრიოტთა ალიანსში” განხეთქილების მიზეზი გახდა. ბათუმის საკრებულო “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა წევრმა დატოვა. არჩილ მამულაძემ თქვა, რომ  მისთვის ამ შინაარსის ბანერების გაკვრა მიუღებელია.  პარტიაში განხეთქილებას გამორიცხავს თავად ირმა ინაშვილი და ამბობს, რომ ალიანსი საარჩევნოდ კიდევ უფრო ძლიერდება.