კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა – ვირუსი ქვეყანაში ისევ ორნიშნა რიცხვით მატულობს (03.09.2020)

კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – ვირუსი ქვეყანაში ისევ ორნიშნა რიცხვით მატულობს. იმ პირებს კი, რომელთა ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია, გასულ დღე-ღამეში კიდევ 4 პაცინეტი შეემატა. COVID-19 დაუდასტურდა რუსთავში ახალგაზრდა ქალს. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული ბოლნისის მკვიდრია და  მაღაზია “ნავნეს” თანამშრომელია. მისი ინფიცირების წყარო უცნობია. ახალი შემთხვევებიდან 6 აჭარაში დაფიქსირდა, მათგან მხოლოდ 1 უკავშირდება  ბათუმის საკონდიტრო “დონას” კლასტერს. ტესტირება საკონდიტროს ინფიცირებული თანამშრომლების 600 კონტაქტს ჩაუტარდა.  კორონავირუსი დაუდგინდა ბათუმში თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნატო-ს ჯარების წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდა. შეხვედრაში საქართველოს, თურქეთისა და ამერიკის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

ისევ ჩაკეტილია ჩაქვში სასტუმრო “ოაზისი” , იქ მყოფ პირებს ტესტირება უტარდება.  სასტუმროში 900-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის 400 ექიმია.  ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდებიან ისინი სამუშაო რეჟიმს. “ოაზისის” სტუმრები ტერიტორიიდან გასვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილი გახდება. სასტუმრო გუშინ დილის 10 საათიდან ჩაიკეტა. მიზეზი სამედიცინო კონფერენციაზე მყოფი ავერსის კლინიკის ექიმის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების  დაცვა  განსაკუთრებით მკაცრი ტონით მოითხოვა დღეს მთავრობამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, პირბადეები მოქლაქეებს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ეკეთოს და არა ფორმალურად.  გახარია კორონავირუსთან თანაცხოვრების პერიოდად წელიწად ნახევარს ასახელებს და არც იმას გამორიცხავს, რომ რეგულაციების დაუცველობის გამო, შესაძლოა სკოლები და საბავშვო ბაგა-ბაღები დაიკეტოს.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 9 პაციენტმა დაამარცხა. განკურნებული კი სულ 1279-ია. კარანტინის რეჟიმში 6250 პირი რჩება, ხოლო ექიმები 289 ადამიანს აკვირდებიან. კორონავირუსს საქართველში 19 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა.