კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გასულ დღე-ღამეში – ეს არის 16 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი. აქედან 22 შემთხვევა ბათუმს უკავშირდება. კორონავირუსით დაინფიცირდა საკონდიტრო მაღაზია “დონას” მეპატრონე. 80-ზე მეტი თანამშრომელი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ უკვე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. გუშინ კი COVID-19 საკონდიტრო “დონას” კონსულტანტს დაუდასტურდა, რის გამოც მაღაზია დაიკეტა და ეპიდკვლევა დაიწყო. საკონდიტრო დონას დღეს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ ყველა რეკომენდაციას, თუმცა ამის მიუხედავად ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მათ ორივე ფილიალში დადასტურდა.
მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მატებისა, ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში გაურკვეველი ვადით დაიხურა ყველა ღამის კლუბი და გაუქმდა გასართობი ღონისძიებები. რეგიონში გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს და ბულვარში განთავსებულ კარვებთან ერთად, კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი. ეპიდემიოლოგები ადამიანებს, რომლებიც ბოლო დღეებში ბათუმის საკონდიტრო “დონა”-ში იმყოფებოდნენ, ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
ბოლო 24 საათში ხუთით გაიზარდა იმ პირთა რიცხვიც, რომელთა ინფიცირების წყაროს დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ასეთი ქვეყანაში სულ 15-ია. კოვიდცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული 251 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა. დისტანცია და პირბადის ტარება სპეცილისტების უცვლელ მოწოდებად რჩება. პრემიერმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა. თუმცა გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში მდგომარეობა სრულად მართვადია.
დღეიდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა მესტიაში, თუმცა მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება. მუნიციპალიტეტი კორონავირუსის შემთხვევების მატებისა და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 10 აგვისტოს ჩაიკეტა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მუნიციპალიტეტში ერთდროულად ვირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი ჯამში 1548 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან 1270 უკვე განიკურნა. ვირუსს საქართველში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.