თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი და გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნა (01.09.2020)

გენერალურმა პროკურატურამ  გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანისა და მისი საბურავების დათვალიერების შედეგად, ბუქსირების, გათრევის, ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, ავტომანქანას მექანიკური დაზიანების კვალი არ აღმოაჩნდა.  ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება  კი გამართულად მუშაობდა.

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების მკვლელობის მუხლით დაწყებას მოითხოვს. გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახი დღეს სახალხო დამცველს შეხვდა. ნინო ლომჯარიას განმარტებით, ომბუდსმენის აპარატი საქმის შესწავლაში აქტიურად ჩაერთვება და მზად არის  გენერალურ პროკურორთან შეხვედრა გამართოს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან,  16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი  იპოვა.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.