რა მანძილი გაიარა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანამ და როგორ აღმოჩნდა ის თეთრიწყაროს ტყეში (31.08.2020)

რა მანძილი გაიარა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილმა და  როგორ აღმოჩნდა ის თეთრიწყაროს ტყეში.  რუსთავის სამხარეო პოლიციაში, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, ავტომობილის ექსპერტიზა დასრულდა.  პროცედურას “ჰიუნდაის” წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები ესწრებოდნენ. გამოძიებას კვლავ უნდობლობას  უცხადებს გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახი. თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებით, მისი შვილის კუთვნილი მეხსიერების ბარათი, რომელიც ავტომობილის გასაღებს ეკეთა, დაკარგულია. ჯუმბერ ბაჩალაიშვილის განცხადებით, ეს მეხსიერების ბარათი ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა, რადგან ყველაფერი ამ ფლეშკაზე იყო შენახული.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უახლოეს დღეებში შეხვდება სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია ვარაუდობს, რომ შეხვედრის შემდგომ გამოიკვეთება, კონკრეტულად რა მიმართულებით სჭირდება ოჯახს  სახალხო დამცველის მხარდაჭერა და დახმარება. პარალელურად, პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ომბუდსმენის აპარატს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გააცნოს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან,  16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი  იპოვა.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.