ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა (28.08.2020)

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.  დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში  წირვა-ლოცვა შესრულდა. სადღესასწაულო ლიტურგია  პატრიარქმა  ილია მეორემ  სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა. პატრიარქმა საქართველოს მოქალაქეებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და თქვა, რომ უნდა გვახსოვდეს, მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ ურთულეს დროში ვცხოვრობთ და მოსახლეობას მოუწოდა, არ შეუშინდეს გაჭირვებას და უსამართლობას.

სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას ესწრებოდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეც. მეუფე შიომ დღესასწაულის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ უნდა ვეცადოთ განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისგან და მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდა.