რა როლს ითამაშებს სააკაშვილი ივანიშვილის დამარცხებაში და როგორ აპირებს ის სამშობლოში დაბრუნებას? (28.08.2020)

აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაკეთებული ხმაურიანი განცხადების შემდეგ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ფეისბუქის პირად გვერდზე მის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და ამბობს, რომ ბევრი უკრაინელი  ამ არჩევანის გამო უკმაყოფილო დარჩა. სააკაშვილი ამავე მიმართვაში ქართველ და უკრაინელ ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდებს და აანონსებს, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხთან ერთად გამარჯვებას ორივე ფრონტზე მოიპოვებს.

რა როლს ითამაშებს სააკაშვილი ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებაში და როგორ აპირებს ის სამშობლოში დაბრუნებას? – ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უკვე მეორე დღეა ამ თემაზე აქტიურად მსჯელობენ. სააკაშვილის თანაგუნდელები ისევ დარწმუნებულები არიან, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფაქტორი ხელისუფლების ცვლილებისთვის გადამწყვეტი იქნება, ამიტომ სააკაშვილი შესაძლოა, მათი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც კი გახდეს. ხატია დეკანოიძის თქმით, პარტიაში ამ თემაზე მსჯელობა უკვე სრულდება, საბოლოო გადაწყვეტყილება კი  ცნობილი   უახლოეს პერიოდში, ახალ საარჩევნო პროგრამასთან ერთად გახდება.

“ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით, ექსპრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნებას პოზიტიურად არ შეხვედნენ მისი ყოფილი თანაგუნდელები. “ევროპულ საქართველოში” მიაჩნიათ, რომ ამ გზავნილით, სააკაშვილმა ივანიშვილი კვლავ გააძლიერა. პარტიის ლიდერების განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის  ფიგურა ოპოზიციის საერთო ინტერესებს დააზიანებს.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შანსების მიმართ კითხვები აქვთ ექსპერტებსაც. ამბობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის  გზავნილები მოსახლეობის დიდ ნაწილში ნეგატიურად აღიქმება, რასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სათავისოდ გამოიყენებს. ვახტანგ  ძაბირაძეს მიაჩნია, რომ სააკაშვილი, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, თავად “ნაციონალურ მოძრაობაში” მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, თუმცა ის ოპოზიციური ელექტორატის გამაერთიანებელი ვერ გახდება.

სააკაშვილის სურვილს დაუბრუნდეს საქართველოს, მმართველი გუნდი უკვე მეორე დღეა ცინიკური განცხადებებით  პასუხობს. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მისი წინამორბედის სახელი ვერ გაიხსენა და დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

საქართველოს მესამე  პრეზიდენტმა სამშობლოში დაბრუნება წინა არჩევნების დროსაც დაანონსა. კონკრეტულად როდის და რა ხერხებით აპირებს მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას, უცნობია. “ნაციონალურ მოძრაობაში” კი იმედი აქვთ, რომ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება მათი მომხრეების მობილიზებას მოახდენს, რაც 31 ოქტომბერს უკვე საარჩევნო ყუთებთან აისახება.