მწყემსების ჩვენება კოპირებულია ერთი ტექსტით – ბაჩალიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას აანონსებს (28.08.2020)

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი კვირას, 30 აგვისტოს გენერალური პროკურატურის შენობასთან საპროტესო აქციის გამართვას აანონსებს.  ბაჩალიაშვილები ამბობენ, რომ თუ საქმე არჩევნებამდე გამოძიებული არ იქნება, უფრო რადიკალურ ზომებსაც მიმართავენ. პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამ მანქანასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება ბაჩალიაშვილების უფლებადამცველი. საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის  მანქანის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანები გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთში აღმოჩდნენ. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით კი, აუცილებელია სრული ჩანაწერი გასაჯაროვდეს და გაირკვეს,  ჩანს თუ არა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანების შავნაბადას ბაზაზე შესვლისა და გამოსვლის ჩანაწერები.  ადვოკატის მტკიცებით,  ბაზიდან საიდუმლო გასასვლელი არსებობს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს კითხვები აქვს გახმაურებული საქმის მოწმეებთანაც. ადვოკატის ინფორმაციით, ყველა მწყემსი ერთნაირ ჩვენებას აძლევს. ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც ბაჩალიაშვილი იპოვეს,  ნახირის საძოვრად  არ გამოიყენება.  საპირისპიროს ამტკიცებს საქმეში ჩართული ადვოკატი.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან,  16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი  იპოვა.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.