შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, რომელიც პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას.
“მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. იგი ნამდვილად შესაფერისია ამ ძალიან დიდი გამოწვევების მქონე პოზიციისთვის. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა გზა იმისა, თუ როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი და საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერა საზოგადოების ინტეგრაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობისა და კავშირების აღდგენის პროცესში. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად, ასევე მხარდაჭერას უცხადებს შერიგების მშვიდობიან პროცესს” – განაცხადა კელი დეგნანმა.