საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს. სააკაშვილმა FACEBOOK გვერდზე 2 წუთიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მისი მმართველობის დროს იყო მძიმე შეცდომები, რის გამოც ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, წლების გადმოსახედიდან უკეთ გაიაზრა, როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას უკეთესად. სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ შვიდი წლის განმავლობაში არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ საქართველოს ამბებით არ დაინტერესებულიყო.
საქართველოს ყოფილი პრეზდიენტის განცხადებას მთავრობის წევრები არასერიოზულს უწოდებენ და მის დაბრუნებასთან დაკავშირებით კანონსა და საპატიმრო დაწესებულებას ახსენებენ. ამბობენ, რომ სააკაშვილს შეცდომები კი არა, ევროპული სასამართლოს მიერ აღიარებული დანაშაულებები ჰქონდა ჩადენილი. განმარტავენ, რომ სააკაშვილი არის ძებნილი და თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას საზღვარზე დააკავებენ. მიაჩნიათ, რომ სააკაშვილმა საკუთარი თანაგუნდელებიც დაღალა. ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვას ქვეყნის მმართველი პარტია სოციალურ ქსელში აზიარებს წარწერით – “miha hamodi”
მთავრობის წევრებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ და სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას მიესალმებიან ყოფილი პრეზიდენტის თანაპარტიელები. “ნაციონალურ მოძრაობაში” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებითაც მსჯელობენ და ფიქრობენ, რომ პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი ყველაზე ლოგიკური იქნება. თუმცა პრემიერ-მინსიტრობის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს “ევროპული საქართველო”. გიგა ბოკერიას ეჭვი ეპარება, რომ ყოფილი პრეზიდენტის კანდიდატურის ირგვლივ კოალიციის შეკვრა მოხერხდეს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არჩევანის თავისუფლება ყველას აქვს. განმარტავენ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე არაერთი სისხლის სამართლის საქმე მას საქართველოში შემოსვლაში იურიდიულად შეუშლის ხელს. ნაწილს კი სააკაშვილის სიტყვების არ სჯერა. თანხმდებიან, რომ ვინ ჩამოვა საქართველოში, ვინ მოვა ხელისუფლებაში და ან გადავა ოპოზიციაში – ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სამშობლოში დაბრუნება წინა არჩევნების დროსაც დაანონსა. კონკრეტულად როდის და რა ხერხებით აპირებს მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას ჯერჯერობით უცნობია.