საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი 1447-მდე გაიზარდა. ახალი შემთხვევებიდან ერთის წყარო “ლენჯერის კლასტერია”, 6 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 კი შემოტანილი შემთხვევაა. გასულ დღე-ღამეში COVID-19 40-მა ადამიანმა დაამარცხა და ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1190-ს შეადგენს. ამ დროისთვის კოვიდცენტრებში მკურნალობას 230 პაციენტი აგრძელებს, მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ბოლო მონაცემებით იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთა წყაროც დაუდგენელია, 7-ს შეადგენს.
ახალი შემთხვევებიდან 8 გამოვლინდა აჭარაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრია, ორი ქობულეთის ბოლო შემთხვევასთან არის კავშირში, ორი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენოდა გაიზარდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსი კიდევ 12 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, გუდაუთის საავადმყოფოში 16 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ, სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებულ რეგიონში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ის 274 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 115 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.