არჩევნებამდე ორი თვით ადრე ოპოზიციური ერთობა კვლავ საფრთხეშია – “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ივნისში მიღებული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გუშინ გასაჯაროვებული გადაწყვეტილების შემდეგ გადაიხედოს. ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ ორ კვირიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ისანში ყოფილ თანაგუნდელს, გიორგი ვაშაძეს კონკურენტად ხატია დეკანოიძე დაუყენოს. “ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ მათი ამ ნაბიჯით ოპოზიციური ერთობა არ ირღვევა, შეთანხმება კი თავად ვაშაძემ რამდენიმე კვირის წინ “ძალა ერთობაშიას” დატოვებით დაარღვია.
“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან გუშინ გადადგმული რადიკალური ნაბიჯის მიუხედავად, ამომრჩევლის ხმებისა და გამარჯვების იმედი მაინც აქვს გიორგი ვაშაძეს. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, რომელიც აქამდე ოპოზიციური ერთობის საერთო წარმომადგენელი იყო, ფიქრობს, რომ სააკაშვილის პარტიამ ოპოზიციის შეთანმხება დაარღვია, ამას კი სხვა ლიდერების განცხადებებიც მოწმობს. მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი მიზანი არა ერთმანეთთან პაექრობა და დაპირისპირება, არამედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების დამარცხება უნდა იყოს.
ისნის ოლქში შეცვლილი პოლიტიკური კონფიგურაციის ფონზე ოპოზიციურმა პარტიებმა ახლა უნდა გადაწყვიტონ რომელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ამ კითხვაზე უკვე ცალსახა პასუხი აქვს ოპოზიციური გაერთიანების მთავარ მასპინძელს, შალვა ნათელაშვილს. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის თქმით, ის და მისი პარტია ივნისში გაფორმებული შეთანხმების ერთგული რჩება და მხარს გიორგი ვაშაძეს უჭერს, “ნაციონალური მოძრაობის” გუშინდელ გადაწყვეტილებას კი ზედმეტ ემოციურობად აღიქვამს.
ვაშაძის ფიგურას მხარს უჭერენ “ევროპულ საქართველოში”, თუმცა აქვე ამბობენ, რომ მათთვის ორივე მათგანის კანდიდატურა მისაღებია. “ევროპული საქართველო”-სგან განსხვავებით ისანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ისინი კონსულტაციებისთვის დამატებით დროს ითხოვენ. ისანში გაზრდილ კონკურენციას დღეს ამავე ოლქში უკვე დასახელებული კანდიდატებიც გამოეხმაურნენ, დავით ჭიჭინაძე ხატია დეკანოძის დასახელებას მიესალმება და გიორგი ვაშაძეს არშემდგარ პრემიერ-მინისტრს უწოდებს.
ხელმოცარული ოპოზიცია – სწორედ ასე ეხმაურებიან ოპოზიციურ პარტიებს შორის ბოლო პერიოდში გაჩენილ უთანხმოებას უმრავლესობის წევრები. “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არასანდო პოლიტიკური პარტნიორია და ეს ახლა უკვე ოპოზიციურმა პარტიებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს. რატი იონათამიშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი სავიზიტო ბარათი – გადაგდებაა.
არჩევნებამდე თითქმის 2 თვით ადრე ოპოზიციურ ბანაკში კვლავ გაურკვევლობაა, თუმცა თავად მისი წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მთავარ შეთანხმებებს საფრთხე არ დაემუქრება. “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში დღეს გამართულ მორიგ შეხვედრაზე კი მათ ხმების დაცვის შესახებ ერთმანეთთან კონსულტაციები გაიარეს და მხარდამჭერებს თითოეული ხმის დაცვის პირობა მისცეს. არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად ოპოზიციურ პარტიები დიალოგის გააქტიურებასა და კორდინაციის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას აპირებენ.