შეზღუდვების გამარტივების ფონზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება – მთავრობის გადაწყვეტილება (26.08.2020)

15 სექტემბრიდან  სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყება, პირველი ოქტომბრიდან საბავშვო ბაღებიც გაიხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 15 სექტემბრიდან იხსნება  კინო-თეატრები, პირველი ოქტომრიდან კი  თეატრები, თუმცა რეგულაციების დაცვით. მთავრობის ცნობით, ახლა მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი სასწავლებლებში სწავლის დაწყების თარიღის დადგენაზეც.

ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების პარალელურად, შრომის ინსპექცია ბაღებისა და სკოლების შემოწმებას იწყებს. წინასწარი ინფორმაციით, ბაღებში მშობლების შესვლა აკრძალული იქნება. ასევე, იფუნქციონირებს საიზოლაციო ოთახი, სადაც იმ აღსაზრდელს ან მომსახურე პერსონალს გადაიყვანენ  ვისაც ტემპერატურა დაუფიქსირდება.

მესტია, ქობულეთი, ყაზბეგი და გარდაბანი – ეს ის ადგილებია, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით საყურადღებოა. ამირან გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა შავი ზღვის სანაპირო ზოლი, სადაც ინტენსიური ტესტირებები მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარის შემდეგ, კარვები დაიდგა ქობულეთის ბულვარსა და შეკვეთილშიც.  მისივე ინფორმციით, შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა შესაძლოა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ.

შეზრუდვების გამარტივების ფონზე, იზრდება კოვიდნფიცირებულთა რაოდენობა. გასულ დღე-ღამეში COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 2 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, 1 დაავადებულთან კონტაქტია, 4 კი შემოტანილია. გაიზარდა აჭარაში ე.წ. ჰავანას კლასტერიც,  ბოლო 24 საათში რეგიონში 2 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა. აჭარაში  სულ კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი რჩება.

კორონავირუს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა ოკუპირებულ აფხაზეთში. დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის კიდე 15 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 262 გახდა. აქედან 101 უკვე გამოჯანმრთელდა.