შატილში მომხდარი საზარელი ტრაგედიის შემდეგ სატრანსპორტო სფეროში მომუშავე ორგანიზაციები ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ და კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებენ. საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ მდუმარე აქციაზე ამ სფეროში მომუშავე ექსპერტებმა ხელისუფლებისგან სპეციალური საკორდინაციო ჯგუფის შექმნა მოითხოვეს, რომელიც გზებზე არსებულ ყველა პრობლემას მოაგვარებს. მათი თქმით, სატრანსპორტო სფეროში არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, რისი დასტურიც ხევსურეთში მომხდარი ტრაგედიაა. მათი აზრით, შატილის გზაზე ჯებირების არსებობის შემთხვევაში ტრაგედიის თავიდან არიდება და 17 ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა. აქციის მონაწილეებმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.