გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გახმაურებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ხელახლა ჩატარებას მოითხოვს. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალების საქმეში არსებული ჩვენებებით ახალი და მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთა. ბაჩალიაშვილები ამტკიცებენ, რომ ჩვენებები რომლებიც მწყემსმა და სხვა მოწმეებმა გამოძიებას მიაწოდეს, ბუნდოვანია.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, 16 წლის მწყემსმა მისსავე კუთვნილ ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვა. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.