თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ექსპერიმენტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილზე გაშლილია კარავი და იმავე მარკის ავტომობილი, რომელიც გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა. გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი თვლის, რომ საქმეში მტკიცებულებები გაყალბებულია და მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. ის არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეს მაღალჩინოსნები აყალბებდნენ.
ოჯახის ადვოკატი იმედოვნებს, რომ ექსპერიმენტით თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდება. ექსპერიმენტის პასუხს ადვოკატი 5 თვეში ელოდება. მისი თქმით, ავტომობილში ტემპერატურა გაიზომება, ასევე გაიზომება ის თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი.
ექსპერიმენტს ესწრება საქმის პროკურორიც. ლაშა კოტრიკაძეც თვლის, რომ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ის არ თვლის, რომ ექსპერიმენტი დაგვიანებულია და განმარტავს, რომ გამოძიებას შემთხვევის ადგილზე პირველად მისვლის დროს არსებული ტემპერატურაც და დროც დაფიქსირებული აქვს.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.