ახალი ჩვენება, რომელიც 5 ბრალდებულისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი გახდა – შაქარაშვილის საქმე (20.08.2020)

შაქარაშვილის საქმეში შესული ახალი ჩვენება, რომელიც,  ბრალდებული 17 პირიდან – ხუთისთვის  ბრალის დამძიმების საფუძველი გახდა. რადიო “თავისუფლება” ფეხბურთელის  საქმის ერთ-ერთ მთავარი მოწმის გურამ ამირხანაშვილის ჩვენებას ასაჯაროებს, რომელიც 2 აგვისტოთი თარიღდება. ეს ამირხანაშვილის მეხუთე გამოკითხვის ოქმია და მხოლოდ მასშია დეტალური საუბარი 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში, არაგვის ხიდის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებზე. როგორც გურამ ამირხანაშვილი გამომძიებლებს უხსნის, წინა გამოკითხვებისას ის სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამიტომ გარკვეული დეტალების აღდგენა და გახსენება, მხოლოდ მეხუთე გამოკითხვისას შეძლო. ჩვენებით ირკვევა, რომ საბედისწერო ღამეს გიორგი შაქარაშვილს  “ტოიოტა კამრიდან” გადმოსული სამი ახალგაზრდა, მის მიერ ამოცნობილი ვახტანგ ჩიქოვანი, ა.ქ. და ზ.ხ. დაედევნენ.  ამავე ჩვენებაში ამირხანაშვილი ყვება, რომ დაინახა ხიდის ქვევიდან მეორადი საავტომობილო გზიდან ამომავალი ორი მდევარი –  მისი თქმით, არჩილ გაგნიძე და ნიოლოზ რევაზიშვილი. ჩვენების მიხედვით, არჩილ გაგნიძემ დანარჩენ პირებს მკაცრად მოსთხოვა, რომ გურამ ამირხანაშვილი მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ. გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, „ტოიოტა კამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებსაც იხსენებს:

“არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?”. აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, “რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული”, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი.”

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს.  მიუხედავად იმისა, რომ ორ არასრულწლოვანს დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავებიან, ამ ეტაპზე სასამართლო მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდს განიხილავს. არასრულწლოვნების ადვოკატებისთვის ბრალი მიუღებელია. ისინი არ ენდობიან არც ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენებას.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასa და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  თუმცა  5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს მოსამართლის წინაშე წარდგენა ახლა უკვე დამძიმებული მუხლით მოუწევთ,  რაც   განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან  და   ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.