მედიისთვის ცენზურის დაწესების მორიგი მცდელობა – ასე მედია მენეჯერები იმ ახალ კანონს აფასებენ, რომელიც კომუნიციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშავა. პირველი სექტემბრიდან, მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის მქონე მასალის გავრცელება შეიზღუდება. პროცესს მონიტორინგს კი კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაუწევს. მედია მენეჯერები ამბობენ, რომ მარეგულირებელი კომისია საკანონმდებლო ცვლილებებით, განუსაზღვრელ უფლებამოსილებას მიიღებს და საქმე შესაძლოა ტელევიზიებისთვის ლიცენზიის ჩამორთმევამდეც მივიდეს. ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ ცვლილებები ხელისუფლების დანაშულებრივ განზრახვას წარმოადგენს და მიზანი – მედიის კონტროლია. ამბობს, რომ თითქოს კეთილშობილური მიზნებით კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლებს ცენზურას უწესებს. ნინო ჯანგირაშვილის პოზიციას იზიარებენ “მთავარ არხშიც”.
საკანონმდებლო ცვლილებებში რისკს ხედავს არასამთავრობო სექტორიც. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამ ცვლილებების სამიზნე კრიტიკული მედიასაშუალებები გახდნენ, რადგან მათი შეფასებით ხელისუფლება მისთვის მიუღებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვას სწორედ ამ ცვლილებებით ეცდება. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებებში კონკრეტულად გაწერილი არაფერია და მასში მხოლოდ ბუნდოვანი განმარტებები იკითხება.
ახალი კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო კილაძეა, რომელმაც ცვლილებზე Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. “ქართული ოცნების” დეპუტატი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელს, კახა ბექაურს ცვლილებების მომზადებისთვის მადლობას უხდის. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის Facebook პოსტიდან ვიგებთ, რომ 1 სექტემბრიდან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ევალება ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის მედიასა და ინტერნეტში განთავსების საკითხის რეგულირება. 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად კი ისეთი პროგრამა და ანონსიც ჩაითვლება, რომელიც მაგალითად შეიცავს – მკვლელობის, თვითმკვლელობის, ძალადობის ამსახველ მასალებსა და ინფორმაციას.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საფრთხეებზე საუბარს აბსურდულს უწოდებენ. განმარტავენ, რომ ცვლილებები მხოლოდ მოზარდების საფრთხის შემცველი პროგრამებისგან დაცვას ისახავს მიზნად და მათი განმარტებით, ცენზურასთან და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან საერთო არაფერი აქვს.
ახალ კანონს – მედია მენეჯერები და არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. სარჩელის მომზადება უკვე დაწყებულია. მაუწყებლებმა საგნაგებო განცხადებით უკვე მიმართეს პარლამენტსა და მარეგულირებელ კომისიას და 2020 წლის საარჩევნო შედეგების საბოლოო ძალაში შესვლამდე მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვეს.