საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ათით გაიზარდა და 1351 გახდა (18.08.2020)

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – საქართველოში  COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1351-მდე გაიზარდა. უკვე 20ს აღწევს იმ  პაციენტების რიცხვი, რომელთა ინფიცირების წყაროც ამ დრომდე უცნობია. ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 პაცინეტის წყარო ლენჯერია, 1-ის ქობულეთი, ბარი „ჰავანა”. ერთი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. 4 იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალია, ხოლო 2-ის წყაროს დასადგენად კონტაქტების მოძიება გრძელდება. კოვიდ ცენტრებში სულ 256 კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

გაიზარდა ინფიცირებულ მედიკოსთა რაოდენობაც. COVID-19-ით ინფიცირებული მედდა “გორმედის” თანამშრომელია და ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. “გორმედის” კლინიკური დირექტორის განცხადებით, მას პირველი ტესტირების დროს COVID-19 არ აღმოაჩნდა. შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებით 10 ადამიანია გადაყვანილი თვითიზოლაციაში, მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გორში ინფიცირების ოთხი ფაქტი დაფიქსირდა, ოთხივე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები მატულობს აჭარაშიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ქობულეთში ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია, სამი კარანტინში იმყოფებოდა, ხოლო ერთი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 15 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს.

კორონავირუსზე მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო სვანეთში.  PCR კვლევა ჩაუტარდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან და კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებათ.  ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება სოფელ ლენჯერში განმეორებითი ტესტირება.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსი 6-მა პაციენტმა დაამარცხა და COVID-19-სგან განკურნებულთა რაოდენობა 1092-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7235 პირი იმყოფება, ხოლო ექიმები 302 ადამიანს აკვირდებიან. კორონავირუსს საქართველოში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.