საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თანამდებობა დატოვა (18.08.2020)

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თანამდებობა დატოვა. ვასილ მაღლაფერიძემ  შესაბამისი განცხადებით საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს უკვე მიმართა. გადაწყვეტილების მიზეზად მაუწყებლის ხელმძღვანელი მოახლოებულ არჩევნებს ასახელებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად  გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებსაქართველოს პირველმა არხმა უკვე გადალახა ძირითადი დაბრკოლებები და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა 2020 წლის შემოდგომის სეზონი, რომელიც სექტემბერში დაიწყება, იმის დასტური იქნება, რომ არხის განვითარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და სეზონიდან სეზონამდე განუხრელად მოიმატებს ხარისხიანი და გემოვნებიანი პროდუქციის წარმოება. არხი, რომელიც ხელოვნურად იყო ჩაყენებული წამგებიან ვითარებაში, რაც მას განვითარების საშუალებას არ აძლევდა, გამოვიდა ინერტული მდგომარეობიდან და წარმატებით შეასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციას. ამ მიზნის მისაღწევად ჩემმა კოლეგებმა და მათ შორის მეც ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვერ დავუშვებ, რომ ამდენი ადამიანის შრომას ჩრდილი მიადგეს.”

წერილობითი განცხადების შემდეგ, უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა განმარტებები მედიასთან გააკეთა. მაღლაფერიძე არ ადასტურებს ინფორმაციას პოლიტიკაში შესაძლო წასვლის შესახებ და ამბობს, რომ მუშაობას ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გააგრძელებს, თუმცა სულ სხვა პოზიციაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს  ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა.