ხანგძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვეტილება მიღებულია – თბილისის ყველა ოლქში ოპოზიციას საკუთარი საერთო კანდიდატი ეყოლება. დაძაბული განხილვების შემდეგ გადაწყდა, რომ საბურთალოზე ოპოზიცია მხარს “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს, დიდუბეში კი “გირჩის” დამფუძნებელს, ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭერს. “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გადაწყვეტილების მიღებას დღეს მცირე დრო დასჭირდა, შალვა ნათელაშვილმა კანდიდატები საზეიმოდ წარადგინდა და კოლეგებს არჩევნებში გამარჯვება უსურვა.
ბრძოლა იქნება რთული, თუმცა ოპოზიცია მაინც გაიმარჯვებს – ასე გამოეხმაურნენ დღევანდელ გადაწყვეტილებას თავად ოპოზიციის საერთო კანდიდატები. ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მას რამდენიმე სხვადასხვა შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ, ერთ-ერთი ყველაზე რთული, საბურთალოს ოლქი შეარჩია. სამთავრობო კანდიდატის დამარცხების იმედი აქვს ზურაბ ჯაფარიძესაც. მისივე თქმით, ამ უპრედენტო გადაწყვეტილებით, ოპოზიციაში არსებული განხეთქილების შესახებ საუბრებს, ბოლო მოეღო.
დღეს წარმოდგენილ კანდიდატებს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეკრებილი პოლიტიკური პარტიებისგან სრული მხარდაჭერა აღმოაჩნდათ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “გირჩის” ლიდერისგან განსხვავებით, ოქრუაშვილის მხარდაჭერაზე ღიად ვერ საუბრობს, თუმცა მაინც ამბობს, რომ ისინი საბურთალოზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებენ. დღევანდელ შეხვედრაზევე ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო მემორანდუმიც გააფორმეს და პირობა დადეს, რომ 30 ოქტომბერს, ისინი არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ერთმანეთის ხმებსაც დაიცავენ.
ოპოზიციის დღევანდელ გაადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები უმრავლესობაში. “ქართულ ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, რომელიც საბურთალოზე ჯაფარიძის კონკურენტი იქნება, ამბობს, რომ ოქრუაშვილსა და ჯაფარიძეს გამარჯვების არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თბილისის მაჟორიტარული ოლქები სრულად განაწილდა, თუმცა რეგიონალურ ოლქებზე შეთანხმება ამ დრომდე არ შემდგარა. ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ სხვა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში კვლავ შეიკრიბებიან.