თითქმის ორი თვე ახალგაზრდა ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან- კვლავ პასუხგაუცემელი კითხვები (17.08.2020)

თითქმის ორი თვე ახალგაზრდა ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან და კვლავ პასუხგაუცემელი კითხვები. უახლოეს დღეებში ცნობილი კიდევ ერთი ექსპერტიზის დასკვნა გახდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა დრო გაატარა გიორგი შაქარაშვილის ცხედარმა მდინარე არაგვში. საქმეში ჩართული სამედიცინო ექსპერტი განმარტავს, რომ  ფეხბურთელის საქმეზე კომისიური ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო 14 შეკითხვა, რომელთაგანაც 8-ს პასუხი უკვე გაეცა. ალექსანდრე გეჯაძის ინფორმაციით, გამოკვლევით, გიორგი შაქარაშვილს მუცლის ღრუს ორგანო დაზიანებული არ ჰქონია, თუმცა იყო სისხლჩაქცევები.

პარალელურად, შემთხვევის ადგილას საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას გეგმავენ გახმაურებული საქმის ბრალდებულთა ადვოკატები. ამბობენ, რომ პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან და დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილში, ბრალდების მხარეს მტკიცებულებების წარმოდგენა გაუჭირდება.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  თუმცა  5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს მოსამართლის წინაშე წარდგენა ახლა უკვე დამძიმებული მუხლით მოუწევთ,  რაც   განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან  და ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.