კომპანია “ფრონტერა” მორიგ განცხადებას ავრცელებს და საქართევლოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, რომ შეასრულოს თავისივე გადაწყვეტილება. ამერიკული კომპანია გიორგი გახარიას მოუწოდებს დაემორჩილოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს, შეხვდეს კომპანიის წარმომადგენლებს კონსტრუქციული დიალოგისთვის და მისცეს მათ გარანტია, რათა უსაფრთხოდ, კონტრაქტის შეწყვეტის მუქარის, დაშინების და ახალი პირობების გარეშე დაუბრუნდნენ სამუშაოებს. “ფრონტერას ” განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ 23 ივლისს გიორგი გახარიამ საჯაროდ განაცხადა, რომ კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტას არ აპირებენ, პრემიერის ეს სიტყვები რეალურ ქმედებაში ამ დრომდე არ ასახულას.
“პრემიერ-მინისტრის კონსტრუქციული განცხადების შემდეგ მთავრობისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ხელისუფლება მხოლოდ “დროებით აჩერებს” კონტრაქტის შეწყვეტის პროცედურას. ჩვენ გვქონდა მრავალგზის მცდელობა შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა “ფრონტერას” მიერ მომავალში განსახორციელებელი და ყველა მხარისთვის მომგებიანი ინვესტიციებისთვის შეგვექმნა საფუძველი, თუმცა ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებას არ სცემს პატივს და კვლავ აგრძელებს დაშინების და დეზინფორმაციის კამპანიას, რაზეც მეტყველებს ამ დღეებში მთავრობის მიერ ორგანიზებული და გავრცელებული ყალბი ამბები, თითქოს ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავა მოიგო, თითქოს “ფრონტერას” 84 თანამშრომელს 17 თვეა ხელფასი არ მიუღია და ა.შ. ეს სიცრუეა! კვლავ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, შეწყვიტოს ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციისთვის გამიზნული ტყუილის გავრცელების კამპანია და ამის ნაცვლად საჯარო განცხადებებს მოეკიდოს გულწრფელად, ხოლო ჩვენს კომპანიას კი ჭეშმარიტი პარტნიორობის სულისკვეთებით.”