მთავარი პროკურორის პირობა ოჯახს – 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის სპეციალისტები სრულად უახლოეს პერიოდში ჩაერთვებიან. მოთხოვნა, რომელიც შესაძლოა საქმის გახსნის ერთადერთი გზა აღმოჩნდეს, გარდაცვლილი გოგონას ოჯახმა დღეს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს წაუყენა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ რამდენიმე საათიან შეხვედრაზე ოჯახმა შოთაძისგან კონკრეტული გარანტიები და საქმის სამართლიანი და ობიექტური გამოძიების პირობა მიიღო. თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ის შეხვედრით კმაყოფილია და ამ ეტაპზე მის ყველა კითხვას შოთაძის მხრიდან პასუხი გაეცა.
გამოძიების პროცესში FBI-ის პეციალისტების ჩართულობა არ ყოფილა ერთადერთი თემა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს. ოჯახმა ირაკლი შოთაძეს საქმის იმ გამომძიებლის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც დედის მტკიცებით, მას აბულინგებდა და ზეწოლის მოხდენას ცდილობდა. მაია გოგორელიანი, რომელიც თეონა თამაზაშვილს მედიაში გავრცელებულ თამარ ბაჩალიაშვილის წერილზე განმარტებებს სთოვდა, გამოძიების პროცესს ჩამოაშორეს, თუმცა მისივე თქმით, ის უწყებაში კვლავ რჩება. გოგორელიანის წინააღმდეგ კი გენეალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.
23 წლის პროგრამისტის საქმეზე, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, ამაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა ოჯახის ადვოკატმა. მიხეილ რამიშვილი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ძირითადად ამ ვერსიას განიხილავს და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებით არ ინტერესდება. რამიშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახს ნდობა პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ისინი გამოძიების პროცესში კონკრეტულ შედეგს დაინახავენ. საქმის მასალების გაცნობამდე კი რამიშვილი პროკურატურაში მისვლას უახლოეს დღეებშიც აპირებს.
ყველა ბუნდოვან დეტალს, რომელიც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებობს, პასუხი მას შემდეგ გაეცემა, რაც ექსპერტიზა პირველად მონაცემებს გამოაქვეყნებს. კვლევამ უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება, აღენიშნებოდა თუ არა მას სხეულზე რაიმე დაზიანება და დროის რა მონაკვეთში დადგა სიკვდილი. შედეგები, რომელმაც შესაძლოა, საქმის მიმდინარეობა რადიკალურად შეცვალოს ცნობილი უახლოეს პერიოდში უნდა გახდეს. გვამის ექსპერტიზის გარდა ოჯახი ტელეფონიდან გამქრალი მიმოწერებისა და ზარების აღდგენასაც ელოდება, რამაც საქმეში შესაძლოა ახალი ფიგურანტები და გარემოებები გამოკვეთოს.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.