2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი საქართევლოსგან არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას და მმართველი ინსტიტუტების გაძლიერებას მოელის. სტივენ ბიგანმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ონლაინ კონფერენციაზე ისაუბრა სახელწოდებთ საქართველო და მისი სამეზობლო. ბიგანის განცხადებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული განვითარების მიმართულებით კრიტიკული ნაბიჯი იქნება. ის იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი ძლიერი დემოკრატიის უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ონლაინ კონფერენციაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართევლოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაორმაგდეს, რათა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან გაიწვიოს.
სტივენ ბიგანის განცხადებას მნიშვნელოვანს უწოდებენ საპარლამენტო ოპოზიციაში და ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსგან გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს ელოდება. სწორედ ამიტომ ოპოზიცია დარწმუნებულია რომ შტატები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება.
პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” ლიდერები კი თვლიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადება, კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი და გაფრთილებაა, საქართევლოს მთავრობის მიმართ, რომ უზრუნველყოს დემოკრატიული გარემო.
კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდა, საქართველოს ოკუპაციის საკითხი ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგის უპირველეს თემად აქციონ.
ონლაინ კონფერენციაზე მხარეებმა კორონავირუსის პანდემიაზეც ისაუბრეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაქო და აღნიშნა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილაბა მოახდინა საქართველოს ძალისხმევამ შეეჩერებინა საშიში ვირუსის გავრცელება.