მმართველი პარტიის დავარდნილი რეიტინგი და გაძლიერებული ოპოზიციური ფლანგი – IRI-ის კვლევის შედეგები (13.08.2020)

მმართველი პარტიის დავარდნილი  რეიტინგი და გაძლიერებული ოპოზიციური ფლანგი – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ყურადღბას IRI-ის კვლევის ის ნაწილი იქცევს, სადაც ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი 4%-ით აღემატება “ქართული ოცნების” რეიტინგს, რაც ხელისუფლების ოპონენტებისთვის იმედის მომცემი ციფრია. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა”-ში და “ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და სხვადასხვა გახმაურებული კრიმინალური საქმეების შემდეგ, “ქართული ოცნების” რეიტინგმა კიდევ უფრო დაიკლო და ეს ტენდენცია ოქტომბერში ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდება.

IRI-ის კვლევას ენდობიან, თუმცა არჩევნების შედეგებს ელოდებიან პარტია “ლელო”-ში. მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელები ამბობენ, რომ პარტიის რეალური რეიტინგი მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ისინი აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებენ და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. “ლელო”-ში  ყურადღებას კვლევის იმ ნაწილზეც ამახვილებენ, სადაც ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზეა საუბარი. ამბობენ, რომ წლის ბოლოს დაგეგმილ არჩევნებზე ხალხმა უარი სწორედ ამ პრობლემებს უნდა უთხრას.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს უნდობლობა “პატრიოტთა ალიანსში”. პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა ორგანიზაციის სანდოობის საკითხი ეჭვ ქვეშ დააყენა და ამერიკის ხელისუფლებისგან IRI-სთვის კვლევების ჩატარების აკრძალვა მოითხოვა. ამავე ბრიფინგზე, ინაშვილმა პარტიის შიდა რეიტინგიც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ყველა სხვა პარტიას უსწრებს და პირველ ადგილზეა.

კვლევა, რომელმაც პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადახვაობა გამოიწვია, პოლიტიკური ნაწილის გარდა, სხვა უამრავ საკითხსაც მოიცავს. მრავალგვერდიან კვლევაში საუბარია მთავრობის მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში გადადგმულ ნაბიჯებზე და ნათვქმია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების ამ პოლიტიკას დადებითად აფასებს. IRI-ის კვლევის ამ ნაწილს ეთანხმება მმართველი გუნდი, თუმცა ოპოზიციის განცხადებების საპირისპიროდ, ისინი შედეგებში არა მათი რეიტინგის კლებას, არამედ ზრდას ხედავენ.

ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კვლევა 4 ივნისიდან, 2 ივლისის ჩათვლით ჩაატარა. ინტერვიუები შემთხვევითობის პრინციპით პირისპირ, სახლში მისვლით ჩატარდა. კვლევა 1 500 რესპონდენტის პასუხს მოიცავს, რომელთა ასაკიც 18 წლიდან იწყება. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.