თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურორის მხრიდან ბულინგზე საუბრობს და გენპროკურორთან შეხვედრას ითხოვს (13.08.2020)

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურორის მხრიდან ბულინგზე საუბრობს და გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. 23 წლის პროგრამისტის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურორ მარიამ გოგორელიანმა მას კითხვები ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით დაუსვა, თუ როგორ აიყვანეს ის და რა ჰონორარს უხდიან მას. თამაზაშვილის თქმით, ბულინგი ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის მიერ გასაჯაროვებულ წერილსაც ეხებოდა. კერძოდ ბაჩალიაშივილის დედა აცხადებს, რომ პროკურორმა მას მოსთხოვა ეთქვა, გადასცა თუ არა მან კაპანაძეს აღნიშნული წერილი. ოჯახი შინაგან საქმეთა სამინიტროს კვლავ უნდობლობას უცხადებს და ხვალ ირაკლი შოათაძესთან შეხვედრას გეგმავს, სადაც საქმეში FBI-ის ჩართვის თარიღის დასახელებას მოითხოვს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან ზარები და  მიმოწერა ყველა სოციალურ ქსელში წაშლილია, ასევე არ იძებნება ლოკაციები, – ამის შესახებ 23 წლის გოგონას უფლებადამცველმა განაცხადა. ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. შეხვედრა ძალოვან უწყებაში მას შემდეგ შედგა, რაც ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ წერილი  გაასაჯაროვა წარწერით მე პირადად უძლური ვარ მის წინაშე, წერილზე ასევე წერია რიცხვი 15.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოიკითხა ჟურნალისტი გიორგი კაპანაძეც, რომელმაც გამოძიებას ინფორმაცია მის მიერ გავრცელებული წერილის შესახებ მიაწოდა. კაპანაძის თქმით,  მას წერილი წყარომ მიაწოდა, რომლის ვინაობასაც არ ამხელს. კაპანაძე ამბობს, რომ მას კიდევ რამდენიმე მსგავსი წერილი აქვს და თუ ოჯახის თანხმობა იქნება, მზადაა ახალი მტკიცებულებებიც გაასაჯაროვოს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.