გიორგი შაქარაშვილის საქმის არსებითი განხილვა 27 აგვისტოს დაიწყება. საქმეში კი ახალი გარემოება გამოიკვეთა. ოქროს მოწმე გური ამირხანაშვილი ახალ ჩვენებაში ადასტურებს, რომ ის “ტოიოტა ქამრის” ავტომობილში ძალით ჩასვეს. ამის შესახებ საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, სადაც შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული “ტოიოტა ქამრის” 5 მგზავრის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საქმეში ბოლო სამი ახალი ტომის შინაარსი ამ დრომდე უცნობია, ვინაიდან ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი. წინასასამართლო სხდომაზე კი იმსჯელებენ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცემა, რადგან პროკურორის თქმით, საქმეში მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები.
ადვოკატები ამბობენ, რომ მათ მიეცათ არაგონივრული ვადა, რადგან პროცესის გამართვამდე ხუთი დღით ადრე მხარეებმა უკვე მტკიცებულებები უნდა გაცვალონ. რაც შეეხება ბრალდებულ არჩილ გაგნიძის დაცვის პროცესში სახაზინო ადვოკატის ჩართვას, გაგნიძემ ეს დღევანდელ სხდომაზე გააპროტესტა და აცილება მოითხოვა, თუმცა მოსალართლემ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სახაზინო ადვოკატის ჩართვის საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისმა ინტერესების დამცველმა სამმა ადვოკატმა უარი განაცხადა გაუთქმელობის ხელწერილის დადებაზე და საქმის მასალების მიღებაზე. ისინი საქმეში დარჩებიან და ბრალებულის ინტერესებს დაიცავენ, თუმცა საქმის ახალ მასალებს ვეღარ გაეცნობიან. პროკურატურის გადაწყვეტილებას კი უკანონოს უწოდებენ.
პროკურატურა კი განმარტავს, რომ ვინაიდან ადვოკატებმა მასალები არ ჩაიბარეს და ბრალდებულისთვის დაცვის უზრუნველყოფა გახდა აუცილებელი, არჩილ გაგნიძეს იურიდიულ დახმარებას სახაზინო ადვოკატი გაუწევს. უწყების განცხადებით, სწორედ სახაზინო ადვოკატს გადაეცა საქმის ახალი მასალები, რომლებიც ბრალდებულსაც გადაეგზავნა. პროკურატურის განცხადებით, ორივე მათგანი საგამოძიებო უწყებამ გააფრთხილა მასალების გასაჯაროების დაუშვებლობაზე.
გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის ბრალი “ტოიოტა ქამრის” 5 მგზავრს დაუმძიმდა. ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით, განძრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავება. მათ 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ექმუქრებათ. გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს.