ლენჯერის თემში დღეს COVID-19-ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში კი ინფიცირებულთა რაოდენობა 30-ს აღწევს. დღის ბოლომდე 900-ზე მეტი ტესტის პასუხს ელოდებიან. ადგილზე ჩავიდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, რომელიც ამბობს, რომ 30-ვე შემთხვევა ლენჯერის თემთანაა დაკავშირებული. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლენჯერში საკარანტინო მდგომარეობა კიდევ უფრო გამკაცრდა და სოფელში შესვლა-გამოსვლა, ასევე ყველანაირი გადაადგილება აიკრძალა. მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგების 16 ბრიგადა მუშაობს. მესტიაში კვირის ბოლომდე დაახლოებით 4 000 ადამიანის გამოკვლევა იგეგმება. მუნიციპალიტეტიდან 515 ადამიანი მესტიის საკარანტინო სივრცეებში, ხოლო 400-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გადაიყვანეს.
მესტიაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს სახდომაზეც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით სწრაფმა და ეფექტურმა რეაგირებამ მესტიაში ვირუსის აფეთქება შეაჩერა. გახარია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. რეკომენდაციების დაცვისკენ მოქალაქეებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილეც მოუწოდებს. პაატა იმნაძის განცხადებით, მესტიის მსგავსი ლოკაციები თუ რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება.
კორონავირუსზე მოსახლეობის გამოკვლევა მიმდინარეობს ყაზბეგშიც. “პისიარ” ტესტირებას დაბა სტეფანწმინდის, სოფლების – გარბანის და არშას ყველა მცხოვრებს ჩაუტარებენ. შედეგები ხვალ გახდება ცნობილი რის შემდეგაც გადაწყდება, მიიღებენ თუ არა დამატებით ზომებს რაიონში. შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 ინფიცირებული თანამშრომლიდან 7 სწორედ ყაზბეგში, დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობდა. თუმცა ყაზბეგში შეზღუდვების დაწესების შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.
ბოლო 24 საათში კი ქვეყანაში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1278-მდე გაიზარდა. ახალი შემთხვევებიდან 12 სვანეთში, ერთი სოფელ ყარაჯალაში, ხოლო ერთი აჭარაში დაფიქსირდა. ამ დროისთვის კოვიდცენტრებში სულ 203 ინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან 16 პაცინეტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 7-ის კრიტიკული.
გასულ დღე-ღამეში ვირუსი კიდევ ოთხმა პაციენმტა დაამარცხა და ჯამში COVID-19-სგან განკურნებულთა რიცხვი 1058-ს შეადგენს. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 7718 პირი იმყოფება, ხოლო ექიმების დაკვირვების ქვეშ 245 ადამიანი. კორონავირუსს საქართველოში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.