საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ “ტოიოტა ქამრის” ავტომობილის 5 მგზავრს ბრალი დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს გამოძიება ახლა სსკ-ის 109-ე მუხლით, განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ვერსიით, 18 ივნისის ტრაგიკულ ღამეს, მცხეთაში აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ თბილისში წამოსული ჩიქოვანი უკან მეგობრებთან ერთად შურისსაძიებლად დაბრუნდა. ადგილზე “ტოიოტა ქამრის” ავტომობილით მისული პირები გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ რამდენიმე პირს არაგვის ხიდზე დაედევნენ, რა დროსაც გურამ ამირხანაშვილი სახლის უკან, ახვლედიანი კი ბუჩქებში დაიმალა. პროკურატურის მტკიცებით არაგვის ხიდის ქვემოთ სირბილით მსვლელობა განაგრძო გიორგი შაქარაშვილმა, რომელიც მალევე თავმდამსხმელების ალყაში მოექცა და იძულებული გახდა მდინარე არაგვის სანაპიროზე ჩასულიყო. გამოძიების ინფორმაციით, ფერდობზე ჩასულ შაქარაშვილს უკანვე მიჰყვა 5 მდევარი, ნაპირზე ჩასულებმა კი ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს და მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც შაქარასვილი გარდაიცვალა.
ვერსია, რომელიც პროკურატურამ საზოგადოებას დღეს წარუდგინა, რამდენიმე საინტერესო დეტალს მოიცავს. ირაკლი შოთაძის უწყების მიერ ბოლო 2 თვეში წარმოებული გამოძიებით დადგინდა, რომ შაქარაშვილი ალყაში მოქცევის შემდეგ ფერდობზე დაეშვა, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილს სხეულზე არანაირი ხილული დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც შესაძლოა, ციცაბო დაღმართზე, ღამე სირბილისას მიეღო. უწყებაში ირწმუნებიან, რომ მათ მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების ალბათობა დაადგინა. შოთაძის უწყების განმარტებითვე, გამოძიების ფარგლებში მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ამ 5 პირის ბრალეულობის დადგენას შეძლებენ.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ექსპერტიზის შუალედურ დასკვნებს ეფუძნება, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძიებას სხვადასხვა მნიშვნელოვანი გარემოება დადგენილი ჯერ კიდევ არ აქვს. საგამოძიებო უწყება ამ დრომდე ვერ სცემს პასუხს ორ კითხვას – რა დრო გაატარა შაქარაშვილის ცხედარმა წყალში და როგორ ან ვის მიერ მოხვდა შაქარაშვილის ჩანთა ხიდის ქვეშ, ბოძზე დადებული. გამოძიება ირწმუნება, რომ ექსპერტიზები, რომლებიც უკვე ჩაინიშნა ამ და სხვა კითხვებს ამომწურავ პასუხს გასცემს.
პროკურატურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა გიორგი შაქარაშვილის ბიძა. მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია და ოჯახს გამოძებასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს. შაქარაშვილის ბიძამ “ტოიოტა ქამრის” მეექვსე მგზავრზეც ისაუბრა, და თქვა, რომ ქამრიში მყოფი მეექვსე პირი მძღოლი იყო და ის მხოლოდ 6 წუთის განმავლობაში იყო მანქანიდან გადმოსული, ამიტომ ნიკოლაძის თქმით, მეექვსე მგზავრი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მონაიწლეობას ვერ მიიღებდა.
გარდაცვლილის ოჯახისგან განსხვავებით გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის დამძიმებას მცდარ ნაბიჯად აფასებენ და ამბობენ, რომ გამოძიებას ამის არანაირი მტკიცებულება არ აქვს. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ პროკურატურამ საქმის 5 ფიგურანტს ბრალი მხოლოდ იმის გამო დაუმძიმა, რომ საზოგადოების გული მოეგო.
გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. თუმცა დღეს 17-დან 5 პირს პროკურატურამ ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.