მესტიის მინიციპალიტეტში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საკარანტინე ზომების ამოქმედების მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება გახდა. რეგიონში ბოლო ერთ დღეში 17 ინფიცირებული გამოვლინდა. ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრია და სავარაუდოდ მათ კოვიდ ინფექცია, თბილისიდან ჩასული სტუმრისგან გადაედოთ. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ეპიდსიტუაცია მართვადია.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ინფორმაციით ადამიანებს ეკრძალებათ, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაადგილება, ისე მუნიციპალიტეტის დატოვება. შეზღუდვები ვრცელდება სოფლებს შორის გადაადგილებაზეც. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი მესტიაში სოფელ ლენჯერში 5 ეპიდემიოლოგიური ბრიგადა მუშაობს და ინფიცირებული პაციენტების პირდაპირ და ირიბ კავშირებს იკვლევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. სამართალდამცველებმა შეზღუდვებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება უკვე დაიწყეს.
კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ინფიცირებული უმცროსი ექთანია, რომელსაც ვირუსი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო სავრაუდოდ 50 წლის ექიმია, რომელსაც კოვიდ ინფექცია 7 აგვისტოს დაუდგინდა. გორის სამხედრო ჰოსპიტალის კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან და მედდასთან კონტაქტში მყოფი 78 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა. ლუგარის ცენტრში კი დამატებით 60 ნიმუში გაიგზავნა.
საქართველოში კორონავირუსის სულ 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1250-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ათით გაიზარდა და საერთო ჯამში ვირუსის დამარცხება 1010-მა პაციენტმა შეძლო. ახალი ინფიცირებულებიდან 6 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით სტაციონარში მკურნალობას სულ 27 პაციენტი განაგრძობს, აქედან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათ COVID-19-თან ერთად სხვა დაავადებებიც აღენიშნებათ.
მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ამბობს, რომ კარანტინის მოხსნის გადაწყვეტილება სოფელში არსებული სტაბილური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს. სოფელი ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა. მას შემდეგ პისიარ ტესტირებისთვის 3600-ზე მეტი საკვლევი მასალა იქნა აღებული, აქედან 44 ადამიანს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.
დღევანდელი მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 6930 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში დაკვირვების ქვეშ კი 263 პირი რჩება. საქართველოში კორონავირუსით სულ 17 პაციენტი გარდაიცვალა.