ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კონლუსტაციების დასკვნით ფაზას იწყებს – უკვე ცნობილია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, სადაც ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდა, კენჭს ზურაბ ჯაფარიძე იყრის. პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერმა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაიარა და როგორც თავად ამბობს, მათგან დადებითი გამოხმაურებაც მიიღო. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი “ქართული ოცნების” კანდიდატის გიორგი ვოლსკის დამარცხება იქნება.
“გირჩის” პარტიული სიის პირველ ნომერს საჯარო მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა “ევროპულმა საქართველომ”. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ჯაფარიძე “ქართული ოცნების” კანდიდატს, გია ვოლსკის ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს და არჩევნებში გაიმარჯვებს. ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე ფიქრობენ “ნაციონალურ მოძრაობაშიც”, თუმცა ამ ეტაპზე პარტიის წევრებს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.
ზურაბ ჯაფარიძის მიერ დღეს გაცხადებული პოლიტიკური გეგმები უკვე შეაფასა მისმა უშუალო კონკურენტმა მმართველი გუნდიდან. გია ვოლსკიმ ჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ მყოფ პარტიად მოიხსენია და “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიან მმართველობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ოქტრომბრის არჩევნებში ის დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
დიდუბე-ჩუღურეთის გარდა, კვლავ ვაკანტური რჩება საბურთალოს ოლქი, სადაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი კანდიდატურის დაყენებას “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი გეგმავს. ის მედიასთან კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებს და ამ საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გააჟღერებს. ოპოზიციაში კი დარწმუნებით ამბობენ, რომ საერთო კანდიდატებზე შეთანმება ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.