ექიმების სოლიდარობის აქცია – აქციის მონაწილეები გამოძიების ვერსიას არ ენდობიან (10.08.2020)

სოლიდარობის აქცია სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად –  „მედიქალბის“ წარმომადგენლები ვახტანგ ყიფიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას აპროსტესტებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ექიმები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან და ფიქრობენ, რომ სასამართლოს პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან მათი თქმით, გამოძიების პერიოდში ბრალდებული ვახტან ყიფიანი მიმალვას არ აპირებს. კოლეგები ამბობენ იმასაც, რომ საექიმო შეცდომის გამო, მედიკოსის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება თითქმის არცერთ ქვეყანაში არ ხდება.

საპროტესტო აქციის პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძეს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ თბილისის ცენტრალური  საავადმყოფოს დაკავებული ექიმების საქმეზე ისაუბრეს, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტიკარაძემ განაცხადა, რომ ექიმებს მისთვის რაიმე კონკრეტული მოთხოვნა არ წაუყენებიათ.  მისი თქმით, შეხვედრა საკანონმდებლო დონეზე არსებულ ხარვეზებს ეხებოდა, რომლის შედეგადაც ვახტანგ ყიფიანი ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა. მინისტრის  თქმით,  უწყება მზადაა იმისათვის, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქმეში მეტი სიცხადე შეიტანოს.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს სამსახურებრივ გულგრილობას, ხოლო ვახტანგ ყიფიანს თაღლითობასა და უკანონო საქმიანობას ედავებიან, რაც შეეხება ექიმ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიის მოქალაქეა, მას ლიცენზიის გარეშე ანესთეზიოლოგიური და რეანიმატოლოგიური მომსახურების გაწევაში ედება ბრალი. 5 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ კლინიკის დირექტორი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ვახტანგ ყიფიანი პატიმრობაში დატოვა, ხოლო მაგდა ხოჭოლავას, რომელიც საქართველოში არ იმყოფებოდა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.