ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის ხმაურიანი განცხადება. კვალი, შესაძლოა კონკრეტულ პირებამდე მივიდეს (10.08.2020)

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის ხმაურიანი განცხადება და კვალი, რომელიც შესაძლოა კონკრეტულ პირებამდე მივიდეს. 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის მკვლელობა ჯერ კარგად დაგეგმეს, შემდეგ კი აღასრულეს. რამიშვილი, გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება კომპანია ZAG-ს უკავშირდებოდეს და ამბობს, რომ ამის უკან სვარაუდოდ მაღალჩინოსმები დგანან, თუმცა ვინ არიან ეს პირები ადვოკატი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს. დღესვე მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო დღეებში გასაჯაროვებულ მტკიცებულებებს გამოეხმაურა და უწყება მიზანიმიმართულ კამპანიაში დაადანაშაულა.

თვითმკვლელობის ვერსიას კვლავ კატეგორიულად გამორიცხავს გარდაცვლილი გოგონას ოჯახი, მათ გომელაურის უწყების მიმართ კვლავ უამრავი კითხვა აქვთ. გოგონას დედას, თეონა თამაზაშვილს აქვს განცდა, რომ სამართალდამცავი უწყება გამოძიებას განგებ აფერხებს, რისი მიზანიც კონკრეტულ პირებზე ხელის დაფარებაა. მისივე თქმით, მიუხედავად მათთვის მიცემული პირობისა, კვლავ ბუნდოვანი რჩება საქმეში FBI-ს სპეციალისტების ჩართულობა. თამაზაშვილს აქვს მოლოდინი, რომ საბოლოოდ, პოლიცია გამოძიების პროცესში ამერიკული მხარის ჩართულობაზე უარს იტყვის და  კითხვებს პასუხგაუცემელს დატოვებს.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნიდან 20 დღის შემდეგ ჯერ ისევ არ არის გამოკვეთილი ბაჩალიაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი და მოტივი. ყურადღება კვლავ გამახვილებული რჩება კომპანია ZAG-ზე, საიდანაც ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე წამოვიდა. ბოლო დღეების განმავლობაში კომპანიის მიმართ გამოძიება გააქტიურდა, გაჩხრიკეს თანამშრომლების საცხოვრებელი სახლები და ამოიღეს პირადი კომპიურტერები. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ZAG-ის მიმართ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, რასაც საფუძვლად მხოლოდ ბაჩანა ლობჟანიძის განცხადებები უდევს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ისინი ირწმუნებიან, რომ ZAG-ის საქმიანობა კანონთან სრულ თანხვედრაში მოდის.

თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილი არ არის ერთადერთი გარემოება, რომელიც უამრავ კითხვას აჩენს. ბაჩანა ლობჟანიძე, რომლის მტკიცებითაც ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, ამბობს, რომ თამარის ახლო მეგობარი, დეა კაპანაძე შესაძლოა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს. მისივე თქმით, აუცილებელია გამოძიება კომპანია ZAG-ის საქმიანობითაც დაინტერესდეს და თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანი გარდაცვალება გამოიძიოს. ოჯახისა და ადვოკატის მსგავსად ლობჟანიძეც ფიქრობს, რომ ბაჩალიაშვილი მოკლულია.

თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 23 დღე გავიდა, თუმცა საქმე ისევ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეიობს. ოჯახის მიერ დასმულ კითხვებს პასუხი ახლა FBI-ის სპეციალისტებმა უნდა გასცენ, თუმცა როდის ჩამოვლენ ისინი საქართველოში ეს ჯერ უცნობია. რამდენიმე კვირიანი მოთხოვნის მიუხედავად კი, ოჯახი ისევ დრონის ჩანაწერებს ელოდება, საიდანაც უნდა გაირკვეს, შემოწმდა თუ არა შემთხვევის ადგილი და იდგა თუ არა იქ ავტომობილი.