რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი ღია სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზარდა. დაღუპული 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი, 150 000 ახალი დევნილი და ოკუპირებული ტერიტორიები – ასეთია ომის შედეგი.
ხუთდღიან ომამდე სეპარატისტების პოზიციებიდან, რომელსაც რუსეთი უმაგრებდა ზურგს, და ფარულად ამარაგებდა იარაღით, პერმანენტულად იბომბებოდა ქართული სოფლები, რასაც 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის გახსნითვე უპასუხეს.
როგორც მოგვაინებით გაირკვა, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის მიზეზი რამდენიმე თვის წინ ჩატარებული ნატოს ბუქარესტის სამიტი იყო, სადაც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მოსკოვის გაღიზიანება სწორედ ამ განცხადებებმა გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ალიანსის წევრი არ გახდეს. ვლადიმერ პუტინმა კი თქვა, რომ რუსეთს ნატოს პოზიციის საპასუხო გეგმა უკვე შემუშავებული ჰქონდა.
31 მაისს რუსეთმა რკინიგზის აღდგენის მოტივით აფხაზეთში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა და სამუშაოები დაგეგმილზე 1 თვით ადრე, აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე 1 კვირით ადრე დაასრულა.
პარალელურად მწვავდებოდა ვითარება ცხინვალის რეგიონში. თითქმის ყოველ დღე იბომბებოდა ქართული სოფლები. 30 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო რომ საქართველოსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე რეალური იყო.
ოსურ შეიარაღებულ ფორმირებასა და ქართველ ძალოვანებს შორის პირველი სერიოზული შეტაკება 1 აგვისტოს მოხდა. რის შემდეგაც კვლავ გაგრძელდა ნულის, ავნევის, დვანის და სხვა ქართული სოფლების დაბომბვა. 8 აგვისტოს ღამით კი საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალები სეპარატისტული ცხინვალის ფორმირებებთან და რუსულ არმიასთან კონფლიქტში ჩაება.
ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. დაბომბეს თბილისში ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა და გვიშიანის მთაზე მდებარე რადარიც, ასევე ფოთის პორტის, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები.
რუსეთის 58-ე არმიამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის სოფლები და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.
აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. მან 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. შეთანხმებას საქართველომ 15, რუსეთმა კი 16 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით მხარეებმა უარი უნდა თქვან ძალის გამოყენებასა და საბრძოლო მოქმედებებზე, უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლა, საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში, რუსეთის შეიარაღებული ძალები კი სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე.
ომი დასრულდა, თუმცა 26 აგვისტოს მოსკოვმა ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობა აღიარა. მოგვიანებით კი ორივე მარიონეტულ რეჟიმთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებები გააფორმა, რაც კოლექტიური თავდაცვისთვის ერთობლივი სამხედრო ძალების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
12 აგვისტოს შეთანხმებას კი, რუსეთი დღემდე არ ასრულებს და ამ დრომდე ცდილობს გააფართოვოს 2008 წელს ოკუპირებული ტერიტორიები. კრემლი ისევე როგორც 12 წლის წინ, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დღესაც საფრთხედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის საზღვრებთან ალიანსის გაფართოვებას არ დაუშვებს.