ჩხრეკა კომპანია “ZAG”-ის თანამშრომლების სახლებში და წაღებული პირადი კომპიუტერები – სამართალდამცავები კომპანიის თანამშრომლების საცხოვრებელ სახლებში დღეს შუადღის 2 საათზე გამოჩდნენ და საათზე მეტი ხნის განმავლობაში გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ეძებდნენ. ჩხრეკა ერთდროუალად ორ მისამართზე, რადიანისა და ნუცუბიძის ქუჩებზე მიმდინარეობდა, თუმცა რატომ დაინტერესდა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ადამიანებით – უცნობია. კომპანიის ადვოკატი პოლიციას უკანონო ჩხრეკის ჩატარებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათი განჩინების მიხედვით, ჩხრეკა მხოლოდ კომპიუტერებს ეხებოდა, თუმცა სამართალდამცავებმა სახლები მთლიანად გაჩხრიკეს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოძიება მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გარდაცვლილი გოგონას ოჯახი გუშინ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ შოთაძის უწყებამ სპეციალური განცახდებაც გაავრცელა, სადაც წერია, რომ მათ FACEBOOK-დან უკვე გამოითხოვეს გარდაცვლილი გოგონას პირადი გვერდის ინფორმაცია და საიტზე შესვლის ისტორია. FACEBOOK-ის გარდა, სპეციალური წერილი პროკურატურამ GOOGLE-საც გაუგზავნა და მათ ბაჩალიაშვილის მეილისა და YOUTUBE-ის მონაცემების შენახვა სთხოვა, საგამოძიებო უწყებამ წერილის პასუხად კი გუგლისგან თანხმობა მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, გამოძიებას ჯერ არ აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე – ბაჩალიაშვილი მოკლეს თუ თავი მოიკლა. საქმეში არსებულ არაერთ ბუნდოვან გარემოებას ბოლო დღეებში კიდევ რამდენიმე დეტალი დაემატა, რაც საქმის ახალ ფიგურანტს, ბაჩანა ლობჟანიძეს უკავშირდება. მიუხედავად ლობჟანიძის მტკიცებისა, რომ ის თამარ ბაჩალიასვილის შეყვარებული იყო, ამას კატეგორიულად უარყოფს ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი. “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორისთვის, ელისო კილაძესთვის მიცემულ ინტერვიუში დეა კაპანაძე ამტკიცებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე თამარის შეყვარებული რეალურად არ ყოფილა და არც მის შესახებ იცოდა რაიმე.
ბაჩალიაშვილის საქმეში კითხვები ამით არ მრთავდება – კვლავ აქტუალურია თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილი და ის ინფორმაცია, რასაც შესაძლოა მისი გარდაცვალება გამოეწვია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, კომპანია “ZAG”, რომელიც ამერიკაში მცხოვრებ აბრაამ რეირბახს ეკუთვნის, მომსახურებას პორნოსაიტს უწევდა, თუმცა არის თუ არა ეს კავშირში ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან – უცნობია. კომპანიაში მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ კომპანია კანონის სრული დაცვით ფუნქციონირებს, მომსახურების გაწევის პროცესში კი დაკვეთის შინაარსით არ ინტერესდებიან.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, ის მწყემსმა მისსავე კუთვნილ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვა. ბაჩალიაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობდა. მოგვიანებით კი პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა.ოჯახი ახლა საქმეში FBI-ს სპეციალისტების ჩართვას ელოდება, რომლებმაც უნდა დაადგინონ რა ინახებოდა კომპიუტერში და არის თუ არა რამე საეჭვო კვალი ავტომობილზე.