რუსეთი საქართველოში თავისი გავლენების გაძლიერებას ცდილობს – საგარეო საქმეთა სამინისტრო (07.08.2020)

2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების უკანონო მცდელობა წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას, რამაც სერიოზულად დააზიანა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა და საფრთხე შეუქმნა მთელი ევროპის უსაფრთხოებას.  საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ. რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოპედსაც აქვეყნებს.  მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. მინისტრი განსაკუთრებულ ყურადღებას COVID-19-ის პანდემიის ფონზე რუსეთის კიდევ უფრო გააქტიურებაზე ამახვილებს  და წერს, რომ რუსეთი პანდემიას იყენებს, როგორც დამატებით შესაძლებლობას.

“ერთის მხრივ, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაძლიერებით, ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებით, ეთნიკური ქართველებისთვის სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმით, ხოლო მეორეს მხრივ, დეზინფორმაციული კამპანიის გაჩაღებითა და, კერძოდ, ლუგარის კვლევით დაწესებულებაზე სიცრუის ტირაჟირებით, რუსეთი საქართველოში თავისი გავლენების გაძლიერებას ცდილობს. რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედებების მიუხედავად, საქართველო არასდროს იტყვის უარს ერთხელ არჩეულ გზაზე, რომელიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებასთან, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასა  და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან ერთად, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას გულისხმობს. ამასთან, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და ძალისხმევას არ იშურებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისათვის. მოსკოვის მიერ უმოქმედობა აღიქმება როგორც გარკვეული სანქცია. ამიტომ, მტკიცე და მკაფიო უნდა იყოს ევროპის პოზიცია და გზავნილი, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება.” – წერს მინისტრი.