რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. გავრცელებულ განცხადებაში აგვისტოს ომის შედეგებზეა საუბარი და ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აგრძელებს უკანონო ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე. აშშ მოუწოდებს რუსეთს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია.
“თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი “მესაზღვრეები” აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას. 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. “
განცხადება გაავრცელა საქართევლოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც. განცხადებაში ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა. ევროკავშირი კვლავ გამოთქვამს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
აგვისტოს ომიდან 12 წლისთავს ეხმიანება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ საქართველოში მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, წარსულიდან გაკვეთილი კარგად არ იქნა გათავისებული, რასაც შემდგომში უკვე უკრაინის წინააღმდეგ მოჰყვა აგრესია. ლინკევიჩუსმა საკუთარ განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.