21 მდუმარე დეპუტატი და მინისტრების არასათანადო პასუხისმგებლობა (03.08.2020)

21 მდუმარე დეპუტატი და მინისტრების არასათანადო პასუხისმგებლობა – ასეთია “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის ორი მთავარი მიგნება, რომელიც დღეს დეპუტატებს წარედგინათ. გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2019 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ დეპუტატთა დიდი ნაწილი ხმას საერთოდ არ იღებს, მათი უმრავლესობა კი სწორედ მმართველი გუნდის წევრია. ამავე კვლევის მიხედვით, მინისტრები ხშირად პარლამენტში დროულად არ მიდიან, მისვლის შემთხვევაში კი კითხვების დაახლოებით 15%-ს არ პასუხობენ. ამასთან როგორც ირკვევა 2019 წელს სხდომების გაცდენის მაჩვენებლი შემცირდა, თუმცა არიან პარლამენტარები, რომლებიც არასაპატიო მიზეზით პლენარულ სხდომებს ხშირად აცდენდნენ. ეს დეპუტატები არიან დიმიტრი სამხარაძე, რუსლან გაჯიევი და ივლიანე წულაია. კვლევაში საუბარია პარლამენტის მუშაობაში გამოვლენილ დადებით ტენდენციებზეც და აღნიშნულია, რომ კანონპროექტების განხილვის ვადები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში გაჟღერებული პრობლემები და გამოწვევები უცხო არ ყოფილა საპარლამენტო ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ღიად ამბობენ, რომ გასული წლის განმავლობაში პარლამენტის მიზანი არა ხალხის დაკვეთის შესრულება, არამედ “ქართული ოცნების” თავჯდომარის, ბიძინა ივანიაშვილის დავალებების შესრულება იყო. ოპოზიციაში პარლამენტის მიერ მოვალეობის არასათანადო შესრულებას სწორედ ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობას უკავშირებენ.

ანგარიშის პრეზენტაციაზე დღეს “ქართული ოცნებიდან” ხმაურით წასული დეპუტატებიც იმყოფებოდნენ. პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებს მიაჩნიათ, რომ იმ  საკანონმდებლო რესურსს, რაც დღეს პარლამენტში არსებობს, “ქართული ოცნება” სათანადოდ არ იყენებს. მათივე თქმით, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შემოშვებამ პარლამენტის იმიჯი საგრძნობლად დააზიანა.

საერთაშორისო გამჭირვალობის კვლევას ზედაპირულს უწოდებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატების საქმიანობა არა მათი გამოსვლების რაოდენობით არამედ საკანონმდებლო საქმიანობით უნდა ფასდებოდეს.  არჩილ თალაკვაძემ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-ს მეტი ობიექტურობისკენ მოუწოდა.

2019 წელი საქართველოს პარლამენტისთვის საკმაოდ რთული გამოდგა. ყველაფერი სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანით დაიწყო, რამაც საკანონმდებლო ორგანოს წინ მრავალათასიანი და ხანგძლივი აქციები გამოიწვია. იმ ხარვეზების გამოსწორებას კი, რომლებიც  ვრცელ ანგარიშია ნაჩვენები, დაახლოებით 2 თვეში უკვე ახალი პარლამენტი შეეცდება.