ზურაბ ჟვანიას შვილს გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთისთვის ბრალს წაუყენებენ (03.08.2020)

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ბუსა ჟვანიამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილია თავად ბუსა ჟვანიაც, თუმცა დაზიანებები მსუბუქი ხასიათის არის. სისხლიანი გარჩევა ვაკეში გუშინ გამთენიისას მოხდა. საქმეზე უკვე გამოიკითხა ბიზნესმენი გოგი თოფაძე და მისი მეუღლე, რომელიც მომხდარი დაპირისპირების თვითმხილველია. გოგი თოფაძის ინფორმაციით მის შვილიშვილს ხეჩინაშვილის კლინიკაში ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა შესაძლოა მას კიდევ რამდენიმე ოპერაცია დასჭირდეს.

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილისა და ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას შვილს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, თუმცა არ არის გამორიცხული მუხლი გადაკვალიფიცირდეს.  თოფაძეების ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, თუ რამდენად მძიმეა ლევან თოფაძისთვის მიყენებული ჭრილობები.  გიორგი ანთაძის ინფორმაციით დაპირისპირების ზუსტი მიზეზი უცნობია, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლევან თოფაძის გამოკითხვა ამ დრომდე შეუძლებელია.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ დაჭრა თავად თავდამსხმელი ბუსა ჟვანია, რომელიც ასევე ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.  თოფაძეების ადვოკატი ამბობს ჟვანია დაჭრილია, თუმცა ის ლევან თოფაძეს არ დაუჭრია.