“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარები (03.08.2020)

“ევროპული საქართველო” გაერთიანებული ოპოზიციისგან დამოუკიდებლად ოფიციალურ საარჩევნო კამპანიას იწყებს – უკვე ცნობილია ის მაჟორიტარობის კანდიდატებიც, რომლებიც რეგიონებში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. პარტიის სახელით ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია იქნება, ზუგდიდში – გიგი უგულავა, ქუთაისსა და საჩხერეში კი ოთო კახიძე და სერგო რატიანი. “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარები ასევე იქნებიან ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, აჰმედ იმამყულიევი, გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ლელა ქებურია, ხათუნა გოგორიშვილი და ტარიელ ნაკაიძე. აღსანიშნავია, რომ პარტიამ საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატები 22 რეგიონალური ოლქიდან მხოლოდ 13-ში წარადგინა, თუმცა ითქვა, რომ კონსულტაციების დასრულების შემდეგ პარტია საკუთარ კანდიდატებს სხვა ოლქებშიც წარადგენს. პარტიის გადაწყვეტილებითვე მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო შტაბს სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

“ევროპული საქართველო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად მიიღებს. პარტიაში მათ მიერ დღეს წარმოდგენილ კანდიდატების სიძლიერეში დარწმუნებულები არიან. ფიქრობენ, რომ ახალ კვალიციურ მთავრობაში მთავარი ძალა “ევროპული საქართველო” იქნება, თუმცა ლიდერები აღიარებენ, რომ ბრძოლა სამთავრობო კანდიდატის წინააღმდეგ რთული იქნება. მათი თქმით, ახლა ქვეყანა მთავარი გამოწვევის, სიღარიბის წინაშე დგას, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს.

“ევროპული საქართველოს” მიერ დღეს წარმოდგენილი კანდიდატების გამარჯვების შანსებს პესიმისტურად აფასებენ მმართველ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საზოგადოება “ევროპული საქართველოს” ლიდერებს, მათ შორის უგულავა-ბოკერიას პასუხს 31 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან გასცემს.

ჯერჯერობით უცნობია თუ როგორი იქნება პარტიის პროპორციული საარჩევნო სია, თუმცა უკვე გაცხადებული პოზიციაა, რომ სიის სათავეში დავით ბაქრაძე იქნება. პარტიაში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საარჩევნო სიისა და დარჩენილი მაჟორიტარულ ოლქების შესახებ მალე გაასაჯაროვებენ. “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში საკუთარი კანდიდატების დაყენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაერთიანებული ოპოზიცია რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე ვერ შეთანხმდა.