გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის არასრულწლოვანი მოწმეების ადვოკატი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ახლა დაინტერესდა “ტოიოტა ვითსის” მარკის მანქანით, რომელშიც შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს მისი დაცვის ქვეშ მქოფების ნაწილი იმყოფებოდა. ადვოკატისთვის გაუგებარია რატომ არ მოხდა ავტომობილის დალუქვა გამოძიების დაწყებისთანავე, თუკი მასში გამოძიებისთვის საინტერესო მტკიცებულებები შეიძლება ყოფილიყო. მუხრან ღურწკაია ვარაუდობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გარკვეული ზეწოლა ხორციელდება. ღურწკაიას განცხადებით, ავტომობილში გამოძიება ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ ნახავს, რადგან მისი თქმით, პირველადი დათვალიერებისას იქ არაფერი აღმოჩნდა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი, როსტომ კერესელიძე კი აცხადებს, დაზარალებულის სტატუსით მყოფი პირების ჩვენებებში გარკვეული ცდომილებებია. ადვოკატის განმარტებით, ის ფაქტი, რომ შემთხვევიდან თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირები “რაღაც დეტალებს” იხსენებენ, აჩენს ეჭვს, რომ ეს მოწმეები საპროცესო მოწინააღმდეგე მხარის მიერ არიან მომზადებულები, რათა გამყარდეს პოზიცია გიორგი მერაბიშვილის ბრალთან დაკავშირებით.