მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესი მიმდინარეობს. წინასასამართლო სხდომაზე უფლებადამცველები პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვენ. დაკავებულებს ამ ეტაპზე ბრალი ძალადობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის მუხლებით აქვთ წარდგენილი. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების ფორმის გადასინჯვის შუამდგომლობა დააყენეს. ისინი სასამართლოს 3000 ლარამდე გირაოს სთავაზობენ. არასრულწლოვან ლ.შ -ს ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ძალადობის ორგანიზება არ მოუხდენია და მასში არც მონაწილეობა მიუღია.
სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ადვოკატმაც. გიორგი გელხაური ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, 19 წლის ფეხბურთელს არ გაკიდებია. უკიდურესად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს არასრულწლოვან ნ.ც-ს უფლებადამცველიც.
დაცვის მხარის შუამდგომლობა მიუღებელია პროკურატურისთვის. ბრალდების მხარე ექვსივე არასრულწლოვნის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. საქმის პროკურორის, განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იმ ბრალდებას ადასტურებს, რაც დაკავებულებისთვისაა წარდგენილი.
“მაგ სიმართლით იარე”, – ამ წარწერით მივიდა მცხეთის სასამართლოში, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე. მას მაისურზე შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ფოტოც აქვს გამოსახული, რომელსაც კარიერისტს უწოდებს. ზ.ხ-ს მამა შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს და ამბობს, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც შაქარაშვილს არაგვის მიმართულებით მისდევდა, მისი შვილი არ ყოფილა.
პროცესზე გიორგი შაქარაშვილის მეგობრებიც მივიდნენ. მათ გარდაცვლილის გამოსახულებით შავი მაისურები ეცვათ. ამბობენ, რომ ყოველ სასამართლო პროცესს დაესწრებიან.
სასამართლო დღევანდელ პროცესზე 3 ეპიზოდის მონაწილე პირებზე მსჯელობს. მათ შორის არიან “მერსედესის” და “ტოიოტა ქამრის” ავტომობილებში მსხდომი პირები და ის არასრულწლოვნები რომლებიც 18 ივნისის ღამეს “მერსედესის” მგზავრებს დაუკავშირდნენ და შაქარაშვილის ადგილმდებარეობა აცნობეს.
გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობაც დაემატა. თუმცა ეს ბრალი ჯერ არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.