ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სოფიო ლეჟავამ მიიღო. ბრალდების მხარე ექვსივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. ადვოკატები კი მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას, ალტერნატივად კი, გირაოს შეფარდებას, ან მეთვალყურეობაზე გადაცემით გათავისუფლებას მოითხოვდნენ. კიდევ ერთი შუამდგომლობა მოსამართლის აცილებას ეხებოდა, თუმცა არც ერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დაკავებულებს ამ ეტაპზე ბრალი ძალადობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის მუხლებით აქვთ წარდგენილი. თუმცა არ არის გამორიცხული, მათ ბრალი დაუმძიმდეთ.
“მაგ სიმართლით იარე”, – ამ წარწერით მივიდა მცხეთის სასამართლოში, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე. მას მაისურზე შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ფოტოც ჰქონდა გამოსახული, რომელსაც კარიერისტი უწოდა. ზ.ხ-ს მამამ შაქარაშვილის დედასთან შეხვედრაც მოითხოვა და თქვა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც შაქარაშვილს არაგვის მიმართულებით მისდევდა, მისი შვილი არ ყოფილა.
პროცესზე გიორგი შაქარაშვილის მეგობრებიც მივიდნენ. მათ გარდაცვლილის გამოსახულებით შავი მაისურები ეცვათ. ამბობენ, რომ ყოველ სასამართლო პროცესს დაესწრებიან.
სასამართლომ დღევანდელ პროცესზე 3 ეპიზოდის მონაწილე პირებზე იმსჯელა. მათ შორის არიან “მერსედესის” და “ტოიოტა ქამრის” ავტომობილებში მსხდომი პირები და ის არასრულწლოვნები რომლებიც 18 ივნისის ღამეს “მერსედესის” მგზავრებს დაუკავშირდნენ და შაქარაშვილის ადგილმდებარეობა აცნობეს.
გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობაც დაემატა. თუმცა ეს ბრალი ჯერ არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.