გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება. 11 სრულწლოვნის პროცესი კი 31 აგვისტოსაა ჩანიშნული, რომელთა პატიმრობაში დატოვება დაკავებულთა ადვოკატებმა უკვე გაასაჩივრეს, თუმცა მათ მოლოდინი რომ რაიმე შეიცვლება, არ აქვთ. შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და სხვადასხვა პოლიტიკურ მოვოლენებზეა დამოუკიდებული. ადვოკატი გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდეს.
ბრალის დამძიმებას არ ელოდება შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ფეხბურთელის, ირაკლი წაქაძის ადვოკატიც. გაიოზ ჩარკვიანის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯგუფურად ძალადობის მუხლით არის დაკავებული და საგამოძიებო უწყებები მას სხვა მუხლს არ ედავებიან.
წუხელ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიან ღამემდე იკითხებოდნენ ავთანდილ ბილანიშვილის იგივე “კაწროს” მეგობარი დაჩი ბუაძე და მორაგბე არჩილ გაგნიძის მეგობარი საბა ჭანკოტაძე. დაჩი ბუაძემ მცირე კომანტარიც გააკეთა და საქმესთან კავშირი უარყო. საქმესთან შემხებლობას უარყოფს საბა ჭანკოტაძეც. მისი ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჭანკოტაძის მანქანა შემთხვევის ადგილზე ფიგურირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ღურწკაიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მანქანა ფიზიკურად ვერ იქნებოდა შემთხვევის ადგილზე ვერც მანამდე და ვერც მერე, რადგან ავტომანქანა რუსთავის ბაზრობაზე გასაყიდად იყო გაყვანილი.
გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დადგინა, რომ ცხედარს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობაც დაემატა. თუმცა ვისი დანაშაული გამოიკვეთება მკვლელობის ნაწილში, ისევ ბუნდოვანია.