რაც ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ქვეყნის პროგრესმა უკან დაიხია – ამერიკელმა კონგრესმენებმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს წერილით მიმართეს და საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებასა და პოტენციურ კორუფციაზე შეშფოთება გამოხატეს. დოკუმენტში რომელსაც ხელს 6 კონგრესმენი აწერს ოლიგარქიულ მმართველობაზეა საუბარი. კონგრესმენები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა, რომელსაც პარტია “ქართული ოცნება” ხელმძღვანელობს რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მანიპულირებული და რომელიც ცდილობს ქვეყნიდან ამერიკული ბიზნესების გაძევებას. კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს რამდენიმე საკითხის გათვალისწინებას სთხოვენ.
ამერიკელი კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილს გამოეხმაურა საქართევლოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარია აცხადებს, რომ ამერიკული პოლიტიკური სპექტრი განსხვავებულია და არიან კონგრესმენები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ. პრემეირის თქმით ცალკეული კონგრესმენების პოზიცია გავლენას ვერ იქონიებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე.
ამერიკელი კანონმდებლების მორიგ კრიტიკულ წერილს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ ეს არის ამერიკული კომპანია “ფრონტერას” მხარდამჭერი მესიჯბოქსის გაგრძელება და წერილში მოყვანილი ფაქტები რეალობას არ შეესაბამება. “ქართული ოცნების” წევრების თქმით სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა მაღალ დონეზეა და ცალკეული კონგრესმენების განცხადებები ლობისტების მუშაოების შედეგია.
ოპოზიციის შეფასებით კი, ის რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებს, აღარ არის ცალკეული კონგრესმენების აზრი, არამედ ეს არის ამერიკის კონგრესში შექმნილი მკაფიო ტენდენცია. ოპოზიციის თქმით ამერიკელი კონგერსმენების წერილი არის გზავნილი რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემის ცვლილება სჭირდება.
ამერიკელი კონგრესმენების წერილს წინ უსწრებდა კონგრესში დამტკიცებული კანონპრიექტი, რომლითაც შესაძლოა საქართევლომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი 132 მილიონიანი დახმარებიდან 15%-ი ვეღარ მიიღოს. სწორედ მაიკ პომპეომ უნდა წარუდგინოს კონგრესმენებს ანგარიში იმის შესახებ, დგამს თუ არა საქართევლოს ხელისუფლება ეფექტურ ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, ოპოზიციური პარტიების და მედიის უფლებების დაცვის კუთხით და ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით.