გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, 11 ბრალდებულის პატიმრობას ადვოკატები ასაჩივრებენ (29.07.2020)

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით 11 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას დაკავებულთა ადვოკატები ასაჩივრებენ. იურისტები ამბობენ, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ამიტომ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად მკვლელობის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო, თუმცა 11 სრულწლოვანი დაკავებულიდან ეს მუხლი ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.  წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს არის ჩანიშნული. ადვოკატები ფიქრობენ, რომ ბრალის დამძიმების საფუძველი მტკიცებულებების გათვალისწინებით არ არსებობს, თუმცა სხვა მოლოდინი აქვს გარდაცვლილის ოჯახს.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში.  ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა.  თუმცა  მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დადგინა, რომ ცხედარს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა,  სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას,  დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობაც  დაემატა. თუმცა ვისი დანაშაული გამოიკვეთება მკვლელობის ნაწილში, ისევ ბუნდოვანია.