ახალი საეჭვო გარემოება ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში. სანამ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერი ადვოკატთან ერთად გაიხსნებოდა, ცოტა ხნით ადრე სოციალური ქსელიდან გარდაცლილი გოგონას პირადი გვერდი გაქრა. ადვოკატი ეჭვობს, რომ შესაძლოა, კომპიუტერის გახსნა მათ გარეშე, მანამდეც მოხერხდა. ამოღებულია თუ არა პროგრამისტის კომპიუტერიდან რაიმე სახის ინფორმაცია, ექსპერტიზის ბიუროსა და გამოძიების მიერ, ადვოკატი ჯერ ვერ აკონკრეტებს. მისივე ინფორმაციით, დაიწყო სკანირება, რომელიც შესაძლოა რამდენიმე დღესაც კი გაგრძელდეს.
საქმეში კიდევ ერთი ახალი გარემოება ვლინდება. ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ მომზადებულ სიუჟეტში, ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს გოგონა სოფელ მაწევანში შენიშნეს. გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო, როდესაც პოლიცია ეძებდა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა გოგონა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, ის 16 წლის მწყემსმა მისსავე კუთვნილ “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვა. ავტომობილიდან ამოღებულია მობილური ტელეფონი და ჩანთა, რომელშიც გარკვეული მედიკამენტები იდო. ასევე ნაპოვნია საფულე წერილებით, რომლებშიც საუბარია ანაბარზე და თანხაზე. ბაჩალიაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. რამდენიმე დღის წინ კი პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. ოჯახი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გარემოება თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა.