აქვს თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას კავშირი მის სამსახურებრივ საქმიანობასთან (27.07.2020)

აქვს თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას კავშირი მის სამსახურებრივ საქმიანობასთან.  ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გოგონა შპს “ZAG”-დან, გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე წამოვიდა. ირკვევა ისიც, რომ გარდაცვლილის  მშობლებმა შვილის სამსახურთან დაკავშირებით ბევრი არაფერი იცოდნენ, გარდა იმისა რომ ის პროგრამისტი იყო.  მამა იმასაც ამბობდა, რომ  შვილს სამსახურში პრობლემები ჰქონდა და ბოლო დროს ის  სახლში აღელვებული  ბრუნდებოდა.  გარდაცვლილის მამა  არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე სამსახურს მიეყვანა.  ოჯახის ინფორმაციითვე, ერთ-ერთმა  სამართალდამცველმა მათ უთხრა, რომ  ახალგაზრდას პრობლემები ჰქონდა, თუმცა რა სახის არ იციან.  პროგრამისტის მამამ   ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას ამ სამართალდამცველის ვინაობა უკვე შატყობინა.  ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, რომ საქმის  გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცეს.

თამარ  ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა გოგონა  ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.   ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, ის 16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი  იპოვა.  ავტომობილიდან ამოღებულია მობილური ტელეფონი და ჩანთა, რომელშიც  გარკვეული მედიკამენტები იდო. ასევე ნაპოვნია საფულე წერილებით, რომლებშიც საუბარია ანაბარზე და თანხაზე.  ბაჩალიაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავდაპირველად 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. რამდენიმე დღის წინ კი  პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა.  ოჯახი ახლა  სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გარემოება თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა.