გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ექსპერიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ფონიჭალაში, 23 წლის გოგოს საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრების გარდა გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები იმყოფებიან. გარდაცვლილს ეზოში შეკრებილი მეზობლები სანთლებით ხელში დახვდნენ. ყველა მათგანი აცხადებს, რომ გავრცელებული ვერსიის, თითქოს ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა არ სჯერად და დარწმუნებულნი არიან, რომ ახალგაზრდა გოგო თეთრიწყაროში მოტყუებით ჩაიყვანეს და შემდეგ მოკლეს. ოჯახიც და ახლობლებიც ვარაუდობენ, რომ მომხდარი გარდაცვლილის სამსახურს უკავშირდება.
თამარ ბაჩალიაშილი 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ გარდაცვლილი თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში იპოვეს. ახალგაზრდა გოგონას ცხედარი მწყემსმა მანქანის უკანა სავარძელზე, მწოლიარე მდგომარეობაში აღმოაჩინა. ამ დრომდე მხოლოდ ერთი – თვითმკვლელობის ვერსია გაჟღერდა, რასაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს. გარდაცვლილის ახლობლები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა 23 წლის გოგოს მოსაძებნად არაეფექტურად იმოქმედეს. მათი თქმით თუ პოლიცია ბაჩალიაშვილის ავტომობილს მართლაც ეძებდა, მაშინ რატომ ვერ მიაგნეს ადგილს, რომელიც გზიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს და გამვლელებისთვისაც ადვილად შესამჩნევია. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი, მისი მანქანით თეთრიწყაროს ტყეში მას შემდეგ მიიყვანეს, რაც ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა.
მსგავსი ვარაუდები აქვს ოჯახის ადვოკატსაც. მიხეილ რამიშვილს გამოძიებასთან არაერთი კითხვა აქვს, მათ შორის თუ პოლიცია 23 წლის გოგოს თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მართლაც ეძებდა, რატომ ვერ შენიშნეს მანქანა. ოჯახის ადვოკატიც ამბობს, რომ გამოძიებას არ ენდობიან, ამიტომ ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთო. ცენტრ “ემპათიას” ექსპერტი გუშინ სამხარაულის ეროვნულ ბიუროში მიმდინარე ექსპერტიზის პროცესსაც ესწრებოდა. პირველადი დათვალიერების შედეგებზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, იმას, რომ ცხედარს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაც ჩაუტარდა. სწორედ ამით უნდა დადგინდეს მიიღო თუ არა გარკვეული მედიკამენტები თამარ ბაჩალიაშვილმა სუიციდის მიზნით.